მივმართავ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - ჩხაიძე

პუბლიკა

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მან თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრები სტაბილურია.

ჩხაიძემ განმარტება გააკეთა სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყოველთვის, დღევანდელ დღემდე ვერიდებოდით კოლეგების მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ამიტომ იძულებული ვარ, მთელი ქვეყნის გასაგონად ვთქვა…

რაც შეეხება კვებას, ეს ყოველთვის იყო პრობლემატური პაციენტის შემოსვლიდან, თუმცა საწყის ეტაპზე პაციენტი ექვემდებარებოდა მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, მაგრამ შემდეგში უკვე მოხდა ამ კალორაჟის შემცირება, მე მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს.

ჩვენი პირველი, მთავარი ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ [„ემპათიის“] რეკომენდაციებს . კალორაჟი, ყველაფერი ეს შერჩეულია, კონსულტირებული იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება მას. ანუ ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ გასაუარესებლად, ამიტომაც მე წინა გამოსვლებშიც ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება, დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს, ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ეს შერჩევითობა ეხება როგორც კვებას, ასევე მედიკამენტებსაც.

„პაციენტი გარკვეულ პერიოდში გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა. ესეც, პირდაპირ ვამბობ, ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა. ამიტომ ჩვენს ექიმებს ნაკლები საშუალება ეძლეოდათ, მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე ამ მდგომარეობამდე და შემდეგ დასმულიყო კითხვა – აი, რა გააკეთეთ თქვენ ამ თვეების განმავლობაში? – ჩვენ ვიცავდით კოლეგიალობას ყოველთვის და ძალიან მძიმეა, კოლეგაზე რაიმე დაუმსახურებელი თქვა, მაგრამ ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყოველ ზღვარს გადასცილდა, უვიცებად მოიხსენიებს კლინიკის ექიმებს“, – ამბობს ჩხაიძე.