მივმართავ ISFED-ს, წარმოადგინონ თავიანთი შედეგები და გავარკვიოთ, რატომ არის ის 2%-იანი სხვაობა - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცესკოს მიერ დაფიქსირებული შედეგი წინასაარჩევნოდ მომზადებულ კვლევებსა და ეგიზტპოლის შედეგებს ფაქტობრივად დაემთხვა. შესაბამისად, მდინარაძის თქმით, ამის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არარეალური მონაცემები აქვს.

რაც შეეხება, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებს, მდინარაძის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც არის მცირე უზუსტობა. თუმცა, მდინარაძე მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციას, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ცესკოსთან არსებულ განსხვავებაზე და შეადარონ მათი მონაცემები.

„მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“, წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც და ჩვენც მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. შევადაროთ, დეტალურად გავყვეთ ყველა უბნის კონკრეტულ ოქმს და შესაბამის კონკრეტულ მონაცემს…

შევადაროთ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მცირე და 2%-იანი ცდომილება იყოს და ვთქვათ, საბოლოო სიმართლე ერთობლივად, სად და რატომ არის თუნდაც ეს 2%-იანი უზუსტობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზოგიერთ შემაჯამებელ ოქმში არსებული დისბალანსი „ქართული ოცნების“ შედეგებს აზიანებდა. ასე რომ, შემაჯამებელ ოქმებში არსებული უზუსტობები მექანიკურ შეცდომებს უკავშირდება და არა გაყალბებას.