მივმართავ ხელისუფლებას, ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მიმართა ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლეიენს, რომ გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება. მან ასევე განაცხადა, რომ წერილით მიმართავს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მეთაურებს.

პრეზიდენტმა ასევე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო ერთიანობისკენ მოუწოდა.

„მივმართავ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის გადაწყვეტილების დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცებიც გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, გაითვალისწინოს, რომ ეს ხალხი იმსახურეს მისი 30-წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას და ეს დღე დგება ახლა. ხვალვე, ასევე მე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით თითოეული, 27 წევრი ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს.

მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ბევრი ნათქვამი აქ არ მოეწონება – გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს.

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ამ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება

დღეს სხვანაირად დგას საკითხი, ვინც იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს ახალ საფეხურზე აიყვანს, ის დაიმსახურებს ხალხის მადლიერებას და პოლიტიკური მომავლის გამყარებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად ვიდგებით უმნიშვნელოვანეს გზაზე. მე ამ გზისთვის ჩამოვედი საქართველოში, ამ გზის გამო წავიდნენ ჩემი წინაპრები და მიზანი ის კი არ არის, რომ მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში, ან როგორც ზოგი ოცნებობს მეც გადავდგე და წავიდე პარიზში. მიზანია ყველამ ერთად ვიცხოვროთ იმ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.