მივმართავ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ წაყვანის უფლება მოგვცეს - გოსიევსკა

პუბლიკა

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორზატა გოსიევსკა აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა ექიმებთან ერთად უშედეგოდ ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებას. მისი თქმით, ამის საშუალებას მას საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს.

გოსიევსკა წერს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას ასაბუთებს ისე, თითქოს კანონმდებლობა ასეთი ფორმის ვიზიტებს არ ითვალისწინებს, თუმცა მისთვის არ განუმარტავთ, თუ კონკრეტულად რომელი რეგულაცია კრძალავს მის ვიზიტს. გოსიევსკა მიმართავს ხელისუფლებას, რომ მისცენ სააკაშვილის მონახულების და მისი პოლონეთში გადაყვანის შესაძლებლობა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა შეფასებებიდან ირკვევა, რომ ის ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემფასებლები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ჰუმანიტარულ ხასიათსაც იძენს.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით თავხედურად იტყუება, უფრო მეტიც მ. სააკაშვილს მკრუნალობაში ხელს უშლის, რაც მიუთითებს ადამიანთა უფლებების ფუნდამენტალურ დარღვევაზე.

საქართველოს ხელისუფლება ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, მეტიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას გადის, მისი სამყოფელი კი სანატორიუმს ჰგავს.

რამდენიმე თვეა, ვცდილობ დავეხმარო პოლონეთის, პოლონელებისა და ჩემს დიდ მეგობარს. ამ საქმესთან დაკავშირებით გავმართე არაერთი შეხვედრა. აგრეთვე შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა მ. სააკაშვილის დედასთან, რომელიც წარუმატებლად ცდილობს თავისი შვილის გადარჩენას. ვცდილობ მთელი ძალისხმევით მივმართო დახმარებისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მოგვცეს ნებართვა მ. საკააშვილის მონახულებისა და პოლონეთში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანის, სადაც გაუწევენ ყოფილ პრეზიდენტს სპეციალიზირებულ მკურნალობას“, – წერს გოსიევსკა.

პოლონელი პოლიტიკოსი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მისცენ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების საშუალება საერთაშორისო კონსილიუმს, პოლონეთში მკურნალობის შემდეგ კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება.

„მ. სააკაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნდება საქართველოში გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, რათა მოიხადოს მასზედ დაკისრებული სასჯელი. ძალიან გთხოვთ არ დაუშვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი“, – აცხადებს პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი.