მოსამართლეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
თავდაპირველად ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირველ პირს სთხოვეს შეხვედრა, რათა მიაწოდონ ფაქტები, რის შემდეგაც რეაგირებას დაელოდებიან.
„მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, შემდეგ დაველოდები, რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“, − განაცხადა მან.
სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კი განმარტა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს მიტაცების მცდელობებზე საქმის კურსში უნდა ჩააყენონ.
„[პრემიერთან] შეხვედრის მიზანი არის ის, რომ აქ საუბარი არაა კონსკრეტულად მოსამართლეების სანქციაზე, აქ საფრთხე ექმნება მართლმსაჯულების სისტემას და მე პირდაპირ ვიძახი, მართლმსაჯულების მიტაცების მცდელობა ხდება და მიამჩნია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის გარემოებები და ფაქტები, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ხდება მიტაცება მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის მიტაცება, უნდა იცოდეს და მერე რა იქნება ვნახოთ“, − განაცხადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან.
ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ პირადად მასთან წლების განმავლობაში მიდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ეუბნებოდნენ, იუსტიციის საბჭოში რომელი მოსამართლე იქნებოდა მათთვის სასურველი ან რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო საბჭოს, როდის უნდა გამართულიყო მოსამართლეთა კონფერენცია და სხვა.
„არის მტკიცებულებებიც, მაქვს. შესაბამისად, როცა საჭიროდ ჩავთვლი (ჩარევები, როცა ხდებოდა საელჩოს მხრიდან), საზოგადოება ამას ნახავს…მე ვიმეორებ, აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლოს ხელისუფლების მისაკუთრება“, − განაცხადა მურუსიძემ.