„მივმართავ პირდაპირ ივანიშვილს, აი აქ დაგორდეს ჯალათი ღარიბაშვილის თავი“ - წერეთელი

პუბლიკა

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – ამ მოწოდებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ  „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები არიან ჟურნალისტები, სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციაზე სიტყვით გამოდიან სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

„TV პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა აქციის მონაწილეების მოთხოვნის შესახებ.

„მივამართავ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, აი, აქ დაგორდეს ჯალათი ირაკლი ღარიბაშვილის თავი. თორემ მას მოუწევს მისი თავის დაგორება აი აქ. ახალგაზრდა ბიჭზე ჯერ ცოცხლად იძალადეს მერე იძალადეს მკვდარზე.

ადამიანი ორი დღის წინ მიყვებოდა, რომ გადავეფარე 21 წლის გოგოს, ვფიქრობდი ორ რამეზეო – დამეცვა ის ჩაქოლვისაგან და ჩემს პატარა ბავშვს არ ვენახე ეკრანზეო. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, დათხრილი თვალები, ნაძალადები ჟურნალისტები, ერი. ხვალ დილამდე აქვს დრო – გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს მისი მთავრობა“, – განაცხადა მან.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.