მივმართავ სამართალდამცველებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევაზე ჰქონდეთ რეაგირება - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზუგდიდის საარჩევნო საოლქო კომისიაში განვითარებულ პროცესებს და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს ბრიფინგით გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ენმ-ს წევრებმა ჩაშალეს საარჩევნო კომისიის საქმიანობა და ბრიფინგი. მისი თქმით, ოპოზიციონერების ქცევები ცესკოს საქმიანობაში ძალადობრივი ჩარევაა. მან მოუწოდა სამართალდამცავებს, რეაგირება ჰქონდეს ასეთ ფაქტებზე, რათა საფრთხე არ შეექმნას 2 ოქტომბერს გამოხატული მოქალაქეების ნების დაცულობას.

პაპუაშვილმა ასევე მიმართა „ეუთო/ოდირის“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ადგილობრივ დამკვირვებლებს, კომუნიკაცია იქონიონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა მათ შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს საქციელი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად ფარისევლურები არიან ისინი. გუშინ ამტკიცებდნენ რომ ერთი ადამიანის ხმაც კი მათთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, და დღეს, როცა ამ ერთი ადამიანის ხმა მათ წინააღმდეგ არის გადამწყვეტი, ეს ადამიანი და ეს ხმა მათთვის არაფერია. ამომრჩეველი მათ თვალში მხოლოდ მათი ამომრჩეველია.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა. სტატისტიკურად ეს ნიშნავს, რომ სურათი რომელსაც აჩვენებს უბნების 10% არის განზოგადებადი უბნების 100-ვე პროცენტზე და ამ მხრივ საერთო სურათს ქმნის. ამ პრინციპით 3600 უბნიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაითვალა 360 უბანი და დადგინდა, რომ ცვლილებები შეეხო სულ 130-მდე ხმას, ანუ ხმების დაახლოებით 0,07%“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-8  საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა, სავარაუდოდ, ბიულეტენები მოიპარა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-8  საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი.

ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც, სავარაუდოდ, იპარავს ბიულეტენებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული“, – თქვა მან.

 


ზუგდიდის საოლქო კომისიაში გუშინ ხმების გადათვლის შემდეგ არჩევნების პირველ ტურში დამდგარი შედეგები შეიცვალა.

კერძოდ, ენმ-ის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა, რომელმაც პირველი ტური მოიგო, ხმების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ მანდატი დაკარგა. ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოემატა და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.

ამ გადათვლის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის 45-კაციანი საკრებულოში მოპოვებული 23 მანდატიდან ერთი დაკარგა. პარტია 22 დეპუტატით უმრავლესობაში რჩება, თუმცა უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოში 23 მანდატი სჭირდება.

გუშინდელი გადათვლის შემდეგ ენმ-ს 22, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი აქვს. სამი მანდატი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიამ მოიპოვა.

ერთი მანდატი გაუნაწილებელია და მისი ბედი მეორე ტურში გადაწყდება ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის. ამ მანდატის მოპოვების შემთხვევაში ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობას ენმ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს.