მივმართავთ დიდ ქსელებს, მაქსიმალურად იზრუნონ თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე - ცქიტიშვილი

პუბლიკა

ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პოსTV-ისთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველა ის დაწესებულება, რომელიც მოქმედებდა დღემდე, გააგრძელებს ფუნქციონირებას. პირველ რიგში ეს ეხებათ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს.

„ჩვენ მივმართავთ განსაკუთრებით მსხვილ სასურსათო მაღაზიათა ქსელებს, მსხვილ სააფთიაქო ქსელებს, მსხვილ ბიზნესებს, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ, რომ მათ მაქსიმალურად იზრუნონ თავიანთი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე, რაც უნდა განახორციელონ ორგანიზებულად. ბუნებრივია მათ ამისთვის დასჭირდებათ მგზავრთა გადაყვანის უფლება, რისთვისაც უნდა მიმართონ შესაბამის დარგობრივ უწყებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცქიტიშვილის განმარტებით, სტრატეგიულ ობიექტებსა თუ სხვა დარგებზე, თუნდაც მედიაზე, ყველა ამ სუბიექტზე იქნება დაშვებული სპეციალური ნებართვები/საშვები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, რომ შეასრულონ თავისი ფუნქციები და შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ.

„ამისთვის შესაბამისმა სუბიექტმა უნდა მიმართოს მის დარგობრივ უწყებას. მათ უნდა მიმართონ იმავე სახელმწიფო უწყებებს, ვისაც მათ მანამდე მიმართეს იმისთვის, რომ მიეღოთ საქმიანობის უფლება. ყველა ამ უწყებას ჩვენი საკოორდინაციო შტაბის დახმარებით მიეცემათ მანქანებით გადაადგილების უფლება“, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს, ე.წ „დილივერი სერვისი“.

ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.