მივმართავთ ხელისუფლებას, აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია - საპატრიარქო პრაიდკვირეულზე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო პრაიდკვირეულთან დაკავშირებით ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას – გარდაუვალი შფოთი“. „პუბლიკა“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „თბილისი-პრაიდის“ ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს;

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ:

1. დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.

2. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულიხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, – ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს.

3. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

4. ლგბტქ+ „პრაიდის“ ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. „ღირსების მარშს“, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.

5. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას.

6. ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულვებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას.

აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.

ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, – გარდაუვალი შფოთი“, – ნათქვამია განცხადებაში.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.