მივმართავთ მოქალაქეებს, თვითნებურად არ გამოიყენონ დრონები სტიქიის ზონაში - სააგენტო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

„ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის, “- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.