მივმართავთ მსოფლიოს ლიდერებს, რომ მესამე ქვეყანაში გადაგვიყვანონ - 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური

პუბლიკა

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს, რომ „აზოვსტალში“ დარჩენილი სამხედროები და მოქალაქეები მარიუპოლიდან გაიყვანონ და მესამე ქვეყანაში გადაიყვანონ. სერგეი ვოლინა მიმართვაში ამბობს, რომ მათ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე ან, საერთოდაც, რამდენიმე საათი დარჩათ.

„შეიძლება, ეს ჩვენი უკანასკნელი მიმართვა იყოს. სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა, თუ რამდენიმე საათი არა. მტერი ჩვენზე 10-ჯერ მეტია. მათ აქვთ უპირატესობა ჰაერში, არტილერიაში, სახმელეთო ძალებში, აღჭურვილობასა და ტანკებში.

ჩვენ მხოლოდ ერთ ობიექტს, „აზოვსტალს“ ვიცავთ. „აზოვსტალს“, რომელშიც სამხედროებთან ერთად სამოქალაქო პირებიც არიან. ისინი ამ ომს მსხვერპლად ეწირებიან.

მივმართავთ მსოფლიოს ლიდერებს, რომ დაგვეხმარონ. დაიწყონ „ექტრაქციის“ ოპერაცია, გადაგვიყვანონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. გადაიყვანონ ყველა ჩვენგანი – მარიუპოლის სამხედროთა ბატალიონი, 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები“, – განაცხადა სერგეი ვოლინამ თავის ვიდეომიმართვაში.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში მარიუპოლს რამდენიმე მიმართულებიდან შეუტია. ქალაქი ბლოკადაში მოექცა, თუმცა რუსეთის იერიშებს თვეზე მეტია, იგერიებს. მარიუპოლში მყოფი სამხედროები ახლა ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში „აზოვსტალში“ არიან გამაგრებულები.