მივმართავთ პარლამენტს, დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებზე - მედიაკოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენა დაგეგმოს და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები. განცხადებას „პუბლიკა“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.

2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას.

უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.

მედიაზე თავდასხმა 2021 წლის 6 ივლისსაც გაგრძელდა, ე.წ. მდუმარე აქციის გადაღებისას მოძალადე ჯგუფები ცდილობდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერი ჩაეშალათ.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათი ნაწილი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლავაც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.

ჩადენილი მრავლობითი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, მათ მიერ გადაღებული კადრების საშუალებით.

საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და მოვითხოვთ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები, მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI, ლიბერალური აკადემია თბილისი, მედიაკლუბი, მედიის განვითარების ფონდი – MDF, მედიის უფლებები, სატელევიზიო ქსელი, Alliance of Broadcasters – Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Rights Georgia / უფლებები საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation.“, – ვკითხულობთ განცხადებაში.