მივმართავთ პრეზიდენტს და პარლამენტს, ჯერ კიდევ არის კრიზისიდან გამოსვლის შანსი - „სამოქალაქო იდეა“

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება და პარტიის ოფისზე შტურმი დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრებაა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარლამენტის წევრის, თინა ხიდაშელის დაარსებული ორგანიზაციის განცხადებით, ეს ქმედებები არ იყო სამართლებრივად დასაბუთებული და საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან.

„დღეს, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, მოიძებნოს ვითარებიდან გამოსავალი, გადავარჩინოთ ქვეყანა და საბედნიეროდ ეს შანსი, სხვა ადამიანების ხელშია და მაინცდამაინც გუშინ დანიშნული, რეტროგრადი, კორუმპირებული კლანის წარმომადგენელი, ექსტრემისტი პრემიერის ხელში არ არის.

  1. მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, გააცნობიეროს თავისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა და ცარიელი სიტყვების ნაცვლად, სახელმწიფოს ერთიანობის გარანტიის პასუხისმგებლობით განმუხტოს კრიზისი. ნიკა მელიასთან დაკავშირებული ეპიზოდი, დღეს მთლიანად მის ხელშია.
  2. მივმართავთ პარლამენტში მყოფ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა და ოკუპაციის კვირეულში, განსაკუთრებით უნდა ხედავდნენ პრობლემის სიმძიმეს, უზრუნველყონ საპარლამენტო კრიზისი, ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით. პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით, დღეს ამ საქმისთვის მცირედი გმირობაც საკმარისია. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე არ არსებობს კანონის უზენაესობა, განვითარება და პროგრესი. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე, კიდევ უფრო დავსუსტდებით პანდემიასთან, სიღარიბესთან ბრძოლაში და საბოლოოდ ოკუპაციის 100 წლისთავზე იგივე კითხვები დაგვრჩება პასუხგაუცემელი, როგორ დაუშვა ჩვენმა წინაპარმა ოკუპაცია“, – ნათქვამია „სამოქალაქო იდეის“ განცხადებაში.