პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ დღეს დილით ოფიციალური წერილით მიმართეს სემეკს და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვენ.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დღესვე შესაძლებელია ელექტროენერგიის, სულ მცირე, 4 თეთრით და გაზის ტარიფის 6-7 თეთრით შემცირება.
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზსა და წყალზე.
ჩვენ 80 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ვყიდულობთ წლიდან წლამდე, ამისთვის გვჭირდებოდა 264 მილიონი ლარი, ახლა დოლარის კურსის ცვლილების შესაბამისად, 80 მილიონი დოლარის რომ ვიყიდოთ, დაგვჭირდება 204 მილიონი ლარი. ამ 58 მილიონ ლარს ჯიბეში იდებენ პირდაპირი მნიშვნელობით. იგივეა გაზთან დაკავშირებით, როცა საქართველო დაახლოებით 300 მილიონი დოლარის გაზს ყიდულობს წლიდან-წლამდე, თუ 2021 წელს სჭირდებოდა 990 მილიონი ლარი, დღეს ამას სჭირდება 774 მილიონი ლარი და სხვაობა არის 216 მილიონი ლარი და ეს ამ სქემით 216 მილიონ ლარს იპარავს ბიძინა ივანიშვილი.
გუშინ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ, რადგან არ იციან, როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება, თუ მოიმატებს ისევ მოგვიწევს გაზრდაო და ახლა რომ დაუკლონ მოსახლეობას, ამით რა დაშავდება?
დღესვე შესაძლებელია, დოლარის კურსის შესაბამისად, მინიმუმ, 4 თეთრით და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება, ჩვენ ვითხოვთ სემეკისგან სასწრაფო სხდომის გამართვას და გუშინ რომ დაადასტურა დავით ნარმანიამ ამის შესაძლებლობა, ოფიციალურად დაუკლონ ტარიფებს ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.