კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, რომელზეც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინიასტროებმა ბოლო ანგარიშები წარადგინეს და ვირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციები გასცეს.
პრევენციული ღონისძიებები ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების წარმოებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. აღნიშნული მოიცავს, ასევე, დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.
„ახალი რეკომენდაცია გაიცა, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან ერთად დროებით უნდა შეჩერდეს მუშაობა ყველა ისეთი დაწესებულების, როგორიც არის თეატრი, დახურული სპორტული აუზები; არის რეკომენდაცია, რომ გადაიდოს ყველა სპორტული ღონისძიება, რომელიც დახურულ სივრცეში ტარდება. ასევე, გვაქვს თხოვნა, კერძო სატრანსპორტო კომპანიებთან, მაქსიმალურად გაუკეთონ დეზინფექცია იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც მოსახლეობას ემსახურებიან“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს აწარმოებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე – „საქართველოს რკინიგზა“, მატარებლებსა და სადგურებში.
საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, გუბერნატორების ხელმძღვანელობით, რეგიონებში შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან.