ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყება ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი.
„სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”, – წერია განცხადებაში.
ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეშვიდე დღეა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.