იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ელჩის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე.
„ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი, 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ.
ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“ – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ.
იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: +81 80 7933 506
1 იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.