„მიზანი, მობილობის შემცირებაა“ – განმარტება, რატომაა მაღაზიებში გარკვეული პროდუქციის გაყიდვა შეზღუდული

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, რომ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში გარკვეული სახის პროდუქციის გაყიდვაზე შეზღუდვა მობილობის შემცირებას ემსახურება.

მისი თქმით, ისეთი პროდუქციის გაყიდვა შეიზღუდა, რომლის შერჩევა მომხმარებლის ხანგრძლივ დაყოვნებას მოითხოვს მაღაზიაში.

„მთავრობის დადგენილებით, ნებადართულია მხოლოდ სურსათის, ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენის საშუალებებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია. სხვა მიმართულებით არის შეზღუდვა. მიზანი ხომ ისაა, რომ მობილობის მაჩვენებელი შემცირდეს და დროის გარკვეულ პერიოდში გვქონდეს ინფიცირების მაჩვენებლის კლება.

მიზანი სწორედ სხვადასხვა ობიექტზე მობილობის შემცირება და შენელებაა.

სწორედ ამიტომ, იქნება ეს ტანსაცმელი თუ ტექნიკა, ავეჯი ან მსგავსი პროდუქტი, შეზღუდულია, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოციალურ ქსელში, თითქოსდა ეს საქართველოს მთავრობამ ან საკოორდინაციო საბჭომ მიიღო მხოლოდ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ, რომელმაც მედიას სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი და უფრო მკაცრი შეზღუდვის მაგალითები უჩვენა.

„მესმის, რომ დისკომფორტის შემცველია ეს მოქალაქეებისთვის, სწორედ ამიტომაა ეს შეზღუდვა და არა აკრძალვა; ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს…

…ჩვენ გაცილებით მსუბუქი მიდგომა გვაქვს – მხოლოდ მსხვილი ტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯია, მსხვილი მიმართულებით შეზღუდული; ისეთი პროდუქტებია შეზღუდული, რომელიც ადამიანის ქცევაში ხანგრძლივ დაყოვნებას გულისხმობს. ბუნებრივია, თუ ტელევიზორს ან კომპიუტერს ვყიდულობთ, ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა დაყოვნებას მოითხოვს. ასევეა ტანსაცმლის შერჩევაც. მიზანი სწორედ არის ეს. სხვა მხრივ, საკმაოდ ლოიალური მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა ფერაძემ.

გასულ დღეებში სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელზეც ასახულია, რომ ზოგიერთ მაღაზიაში, გარკვეული პროდუქციის გაყიდვა შეზღუდულია. მაგალითად, „სუფთა სახლში“ იყიდება ქიმიისა და ჰიგიენის პროდუქცია, თუმცა მათ გვერდით განთავსებული საახალწლო აქსესუარების, ქალის წინდების და სხვა პროდუქციის გაყიდვა შეზღუდულია.