გერმანიის საელჩო თბილისში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
„მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“, – წერს გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ აღიარეს მისი ევროპული პერსპექტივა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები უნდა შეასრულოს.
ევროკომისიამ საქართველოს შესახებ თავისი შეფასება 17 ივნისს გამოაქვეყნა და მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციაზე მუშაობას დაიწყებს და შეასრულებს მისთვის დასახულ პრიორიტეტებს. ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეფასებს.