მიზანია უნივერსიტეტის დისკრედიტაცია და მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ მოქცევა - NGO-ები

პუბლიკა

„უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო კამპანიის მიზანია, უნივერსიტეტის დისკრედიტაცია, მისი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ მოქცევა და სხვა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნა“, – ასე ეხმაურება  12 არასამთავრობო ორგანიზაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ორგანიზაციები წერენ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირის დისკრედიტაციის მიზანია ამ დაწესებულების იმიჯის შელახვა და ამ გზით მასზე გავლენისა და კონტროლის მოპოვების ხელშეწყობა. 

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიმართ დაწყებული ნეგატიური კამპანიის ლეგიტიმურობასა და გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ მისი განმახორციელებელი საინფორმაციო წყაროები, არამედ ის ფაქტი, რომ კამპანიის ფლაგმანი საინფორმაციო წყაროები ფოკუსირებულები არიან არა ზოგადად აკადემიური სექტორის გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, არამედ კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის ხელმძღვანელზე.

„კამპანიაში ჩართულები არიან მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ან/და მის პირდაპირ კონტროლს დაქვემდებარებული საინფორმაციო წყაროები, რომლებიც ხშირად ატარებენ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიმართ დაწყებული ნეგატიური კამპანიის ლეგიტიმურობას და გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს არამხოლოდ მისი განმახორციელებელი საინფორმაციო წყაროები, არამედ ის ფაქტი, რომ კამპანიის ფლაგმანი საინფორმაციო წყაროები ფოკუსირებულები არიან არა ზოგადად აკადემიური სექტორის გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, არამედ კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე და მის ხელმძღვანელზე.

ზოგადად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირის დისკრედიტაციის მიზანია ამ დაწესებულების იმიჯის შელახვა და ამ გზებით მასზე გავლენის და კონტროლის მოპოვების ხელშეწყობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელისუფლებო პროპაგანდის სამიზნეა საგანმანათლებლო, აკადემიური დაწესებულება. ეს დაწესებულებები კი როგორც წესი, ავტორიტარული მმართველობისკენ მიმავალი რეჟიმების პრიორიტეტული სამიზნეა, ვინაიდან განათლებული საზოგადოება პოპულისტი და არადემოკრატიული რეჟიმებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს“, – წერია ორგანიზაციების განცხადებაში.


რა ხდება ილიაუნის გარშემო

4 მაისს ტელეკომპანია POSTV-იმ კიდევ ერთხელ მოამზადა სიუჟეტი „მაღალჩინოსანი ნაცების თავშესაფრად ქცეული ილიაუნი – ფინანსური სკანდალი“. სიუჟეტის დასაწყისში ჩამოთვლილია იმ პროფესორთა და ლექტორთა სია, რომლებიც, მათი შეფასებით, „ანტისახელმწიფოებრივი ნაცები“ არიან. მათ შორის მოხვდნენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ალიკა კუპრავა, კონსტანტინე კუბლაშვილი, თამარ კინწურაშვილი, გია ბუღაძე და სხვა.

საინიციატივო ჯგუფი „სტუდენტები სამართიანობისთვის“ აცხადებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. მათი თქმით, ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს ფინანსური დოკუმენტაცია, თუმცა სრული ინფორმაცია ვერ მიიღეს. რამდენიმე კვირაა, სტუდენტების შესახებ საინფორმაციო მასალებს სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები აქტიურად ამზადებენ.

მათ საპასუხოდ ილიაუნიმ არაერთხელ განმარტა, რომ ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. უნივერსიტეტმა ბრალდებებს ვრცელი პასუხი გასცა და გარკვეული დოკუმენტაციაც გაასაჯაროვა.

2 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ილიაუნის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის ოჯახის ტრაგედიაზე. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ილიაუნის პროფესორების ნაწილმა საერთო განცხადება გაავრცელა და დობორჯგინიძესა და ილიაუნის მხარდაჭერა გამოუცხადა.