მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაგეგმილი „1000 მშობლის მარში“ გადავდოთ - „ქალთა მოძრაობა“

პუბლიკა

„ქალთა მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი „1000 მშობლის მარში“ გადაიდო და 8 მარტს ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს გაიმართება.

„ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატეგორიულად გმობენ საპოლიციო ძალების მიერ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის დარბევასა და პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას.

„ცხადად ვხედავთ, პოლიციის შტურმი და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, როგორ აღრმავებს საზოგადოების პოლარიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აგრესიული მეთოდების დემონსტირების ნაცვლად, გამოიყენოს არაძალადობრივი და სამართლებრივი გზა ვითარების დეესკალაციისთვის.
ამ ფონზე განვითარებული მოვლენების გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 26 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი „1000 მშობლის მარში“, 8 მარტს ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს გადავიტანოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქალთა მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გრძელდება „პროტესტის 100 დღე“ და მოთხოვნები უცვლელია:

  • შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითაც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

  • შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

  • გახადეთ სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

  • გაზარდეთ ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა;

  • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.