„სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება" | კანონპროექტი

პუბლიკა

განათლების კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში, რის მიხედვითაც სკოლა ვალდებული იქნება, უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების მუშაობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

პროექტით, 2023 წლის 1 იანვრამდე განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების მუშაობა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ განათლების მინისტრმა უნდა დაამტკიცოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტი. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარებს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი.

პროექტი ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესის შემუშავებასაც.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც.

განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად მიზანშეწონილია მოქმედ კანონში განხორციელდეს ცვლილება და სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობა გახდეს სავალდებულო“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეის მდგომარეობით საჯარო სკოლების 2500 შენობიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 532 შენობაში.

„2023 წლის პირველ იანვრამდე სამედიცინო პუნქტები უნდა შეიქმნას საჯარო სკოლის 2000 შენობაში (ზოგიერთ საჯარო სკოლას გააჩნია ორი შენობა. მათ შორის არის რამდენიმე სკოლა, რომელთა შენობები ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით არის დაშორებული, რის გამოც საჭირო იქნება ორი სამედიცინო პუნქტი).

თითოეული სამედიცინო პუნქტის აღჭურვას ესაჭიროება საშუალოდ 5000 ლარი, რომელშიც შედის ინვენტარი (მაგიდა, სკამები, კარადა, სპეციალური ინვენტარი და ა. შ.) აგრეთვე აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები. შესაბამისად დარჩენილი შენობების სამედიცინო პუნქტებით აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 10 000 000 ლარის გამოყოფა. კანონპროექტის მიხედვით, ამ თანხით სამედიცინო პუნქტების შექმნა და აღჭურვა მოხდება ეტაპობრივად ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში”, – ნათქვამია დოკუმენტში.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, სკოლის ექიმის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს. აღნიშნულია, რომ რამდენიმე მცირეკონტინგენტიან სკოლაში შესაძლებელია, დასაქმდეს სამედიცინო პერსონალის ერთი წარმომადგენელი. შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო სახსრების ოდენობა თუ თითოეულ შენობაში დასაქმდება ერთი პირი შეადგენს საშუალოდ 9 480 000 ლარს წელიწადში, რომელიც ეტაპობრივად უნდა გამოიყოს 2021-2022 წლებში.

კანონპროექტის მიხედვით, პირველ ორ წელიწადში პუნქტების მოწყობისა და აღჭურვისთვის უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 19 480 000 მლნ ლარი. ხოლო მესამე წელს და შემდგომ წლებში მხოლოდ 9 480 000 ლარი სამედიცინო პერსონალის ხელფასებისათვის.