„მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღეების გახსნაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას.
„თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას.
მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისფულების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის პირველ რიგში აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოვებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან.
ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც.
შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს“, – განაცხადა პრემიერმა.