მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომლებიც გაბედულ ნაბიჯს მიიღებენ და პარლამენტს შეუერთდებიან - პრემიერი

პუბლიკა

„ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებსა  და იდეებს, მე მჯერა იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში შეხვედრების შემაჯამებელი შეფასებისას განაცხადა.

„დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრები, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერესებულნი საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამოთ, მათი საერთო რჩევა არის შემდეგი:

რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. აი ეს არის ყველას პოზიცია. ყველაში ვგულისხმობ ყველას აბსოლუტურად. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახან მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ, ის განცხადებები რომელიც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ. აქედან გამომდინარე კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებები, დღესაც იგივე დადასტურდა. რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას და კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.