მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე  ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს ეხმაურება, რა დროსაც დაიღუპა 90 და დაშავდა სულ მცირე 150 ადამიანი.

„მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს. ვლოცულობ იმ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ევაკუაციის პროცესის მხარდაჭერაში და გამოვხატავთ სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი ტვიტში.


ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ გარდაცვლილებს შორისაა დაჯგუფების 28 წევრი. უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 150 დაშავებულზე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.