„მკაცრად ვგმობთ“ - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის პატიმრობაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო twitter-ზე წერს.

„ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს საგარეო სამინისტრო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მიმართავს მას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევა. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.