მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის უკანონო ანექსიას - სამხარაძე

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეხმაურება.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას. ამ გადწყვეტილებას არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

სუვერენული ერების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია და დაუშვებელია საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ზე.


დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე უკრაინის 4 რეგიონის – დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპორიჟიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.

საზეიმო ღონისძიებას რუსეთის ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების გარდა ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. ლიდერები, რომლებმაც ასევე მოაწერეს ხელი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

კრემლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას 4 ახალი სუბიექტი „მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილებით“ და „რეფერენდუმების გზით“ შეუერთდა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში სამუდამოდ დარჩება, უკრაინის ხელისუფლებას კი ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.

უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა უკვე დაგმო არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ. პუტინის გადაწყვეტილება მკაცრად შეაფასეს NATO-სა და ევროკავშირის ლიდერებმაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დღეს NATO-ში დაჩქარებული წესით წევრობის შესახებ განაცხადი შეაქვს. ზოგადად, რუსეთთან მოლაპარაკების წინააღმდეგი კი არ არის, ოღონდ მას პუტინთან აღარ გამართავს და მოლაპარაკების შესაძლებლობა სხვა პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში გაჩნდება.

პუტინის მიერ ანექსიის გამოცხადების საპასუხოდ დღესვე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს.