მკაცრად ვგმობთ შტურმს ოპოზიციური პარტიის ოფისზე - ესტონეთის საგარეო

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ძალადობრივ შტურმს და მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს დაუბრუნდნენ დიალოგს.

„ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას იმოქმედონ თავშეკავებულად და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს.

სწორი გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისთვის!“ – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანსბერგისი წერს, რომ იმედი აქვს, საქართველო მოახერხებს უფრო ღრმად არ ჩაეფლას პოლიტიკურ კრიზისში.

„შეწუხებული ვარ იმის ხილვით, რაც ამ დილით თბილისში ხდებოდა. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტის გზა. მე ვიმედოვნებ, ჩვენი ქართველი მეგობრები თავიდან აირიდებენ პოლიტიკური კრიზისში უფრო ღრმად ჩაფლობას. სჭიროა თავშეკავებული მოქმედება და ანგარიშვალდებულება დემოკრატიისთვის“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და თავშეკავებული მოქმედებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ყურადღებით ვაკვირდები თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ იმოქმედონ თავშეკავებულად. ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რომ გადაჭრან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.