ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობას ეხება.
ანდრიუს კუბილიუსის მომზადებულ რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიისთვის 493-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 103 წინააღმდეგი იყო, 72-მა კი თავი შეიკავა.
ახალი დოკუმენტი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას, განიხილავს სანქციების საჭიროებასა და დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერას რუსეთში.
დოკუმენტი ჰყოფს რუს ხალხსა და ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას, რომელიც მოხსენებულია, როგორც „სტაგნაციაში მყოფი ავტორიტარული კლეპტოკრატია, რომელსაც ოლიგარქებით გარშემორტყმული მუდმივი პრეზიდენტი მართავს“.
დოკუმენტში, ერთი მხრივ, აღნიშნულია, რომ რუსეთი არის ევროპის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც აქვს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა. თუმცა, მეორე მხრივ, საუბარია, რომ ევროკავშირს სჭირდება მეტად გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოების უწყებების უკეთესი თანამშრომლობა რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ და რუსული გავლენის შემცირება აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში.
დოკუმენტი გასცემს რეკომენდაციებს, რომ ევროკავშირმა მეტად უნდა იაქტიუროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მხარდასაჭერად. დაეხმაროს ამ ქვეყნებს სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით გაძლიერებაში, დემოკრატიულ ცვლილებებში, რათა გაიზარდოს მათი მედეგობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ამ მხრივ აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამ ქვეყანას, არამარტო NATO-სთან თანამშრომლობით, არამედ დამოუკიდებლადაც უნდა დაეხმაროს უშიშროების, სამხედრო შეიარაღებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.
ასევე კუბილიუსის მომზადებული დოკუმენტი განიხილავს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას და მიიჩნევს, რომ საჭიროა ენერგოდამოკიდებულების შემცირება მინიმუმ მანამდე, სანამ რუსეთს ვლადიმერ პუტინი მართავს.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ევროკავშირმა მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს რუსეთის საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რომელიც 17-19 სექტემბერს უნდა გაიმართოს. აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა თვალი არ უნდა დახუჭოს საარჩევნო უფლებების დარღვევასა და გაყალბების ფაქტებზე, ხოლო დარღვევების შემთხვევაში დადგეს არჩევნების არაღიარების საკითხი.
დაბოლოს, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მის პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-თან ერთად უნდა იმუშაოს, რომ დააბალანსოს დემოკრატიის გამოწვევები, რომლებსაც მსოფლიოში ქმნიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.