იურიდიული კომპანია „ემ ქეი დი“ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბანკო ტრასტები არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია, საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.
„მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას „კრედიტ სუისს“-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ. ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, „კრედიტ სუისს“-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან – ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.