მხარდაჭერა ყველას, ვინც ანტიქართული კანონპროექტის წინააღმდეგ იბრძვის - „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“

პუბლიკა

მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნელად“ რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბალდის მოსახლეობა უკვე 8 თვეა საკუთარი სოფლის, საკუთარი ხეობის შესანარჩულებლად ბრძოლაში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ჩვენი მმართველი პოლიტიკური კლასი ხალხს ჯიბრში უდგას. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა დაატერორონ, ხალხის ლეგიტიმური პროტესტი ჩაახშონ და გააჩუმონ. Ჩვენს საპროტესტო კარავში განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს, როდესაც რუსული კანონის დასაცავად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები გამჭვირვალობაზე, ღიაობასა და „იდეისთვის თავის გაწირვაზე“ საუბრობენ. ამით ისინი არა მხოლოდ თვალთმაქცობენ, არამედ ცდილობენ მიმდინარე სახალხო მოძრაობების ბრძოლის გზა გააყალბონ, მათი სულისკვეთება მიიტაცონ.

„იდეისთვის თავის გაწევა“ ნამდვილად არ უწევთ ადამიანებს, რომლებიც ერთპიროვნულ, სრულ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობენ. თუკი ვინმეს უწევს თანასწორობისა და სამართლიანობისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა, არის ხალხი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი კანონის, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და საქართველოში ღრმადფესგამდგარი რუსული ინტერესების წინააღმდეგ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. ესაა ხალხი პარლამენტის წინ, ჭიათურაში, ბახმაროში, აჭარაში, რიონის ხეობაში, და არა პერსონები პარლამენტარების სკამებში.

ჩვენი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც ანტიქართული კანონპროექტის წინააღმდეგ იბრძვის!

მთავრობა ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ჩვენ ან ცოტანი ვართ, ან გავჩერდებით!

არა რუსულ კანონს!“,- ნათქვამია განცახდებაში.