მხარდაჭერას ვუცხადებთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს - „დროა“

პუბლიკა

პარტიის „ელენე ხოშტარია – დროა” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიგა ლემონჯავამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მათ მიმართ უსამართლო მოპყრობაზე საუბრობენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„მინდა, მივმართო ყველა თანამშრომელს ნუ გეშინიათ, პროტესტი არის თქვენი უფლება. იცოდეთ, თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და ფიზიკურადაც, “- ამბობს ელენე ხოშტარია.

პარტიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე „თბილსერვისში” არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდა, მასზე დაიწყო ზეწოლა. სწორედ ამიტომ, პარტიამ “ელენე ხოშტარია – დროა” გადაწყვიტა იურიდიული დახმარება გაუწიოს მას, პარტნიორი პროფესიული ორგანიზაციების დახმარებით.

„წარმოუდგენელია, ვუყურებდეთ როგორ იხარჯება მილიონობით ლარი მერის პიარში და სხვადასხვა მიმართულებით. ამ დროს კი ეს ადამიანები მუშაობდნენ ზამთრის ფორმებში, ჯოჯოხეთურ პირობებში. ამაზე ხმის ამოღების მერე კი ხდებოდნენ ზეწოლის მსხვერპლები, “- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიგა ლემონჯავამ კი საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს მიმართა და სამუშაო ადგილზე უსამართლო მოპყრობის შემთხვევაში, ასევე შესთავაზა როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო სამართლოებში იურიდიული მხარდაჭერა.