მხარდაჭერას ვუცხადებთ საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვისთვის მებრძოლებს - საბუკო

პუბლიკა

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო) ეხმაურება ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ქარის ელექტროსადგურების პროექტების გასაჩირებასთან დაკავშირებით. საბუკო აღნიშნავს, რომ კასპისა და ნიგოზას ქარის ელ.სადგურებზე მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ მათმა ორგანიზაციამ გაასაჩივრა, ვინაიდან, მათი თქმით, პროექტები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით იყო მომზადებული და ვერ პასუხობდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის მოთხოვნებს.

საბუკო ასევე აღნიშნავს, რომ არაერთ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ გადაწყვეტილებები გაიცემა უხარისხო დოკუმენტაციებზე დაყრდნობით, რომლებიც არსებითად ვერ აფასებს როგორც ბუნებრივ, ასევე სოციალურ გარემოზე მოსალოდნელ ზემოქმედებას. გთავაზობთ განცხადებას:

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მოხდა ქარის ყველა ელ.სადგურის პროექტის გასაჩივრება. გვსურს, აღვნიშნოთ რომ ეს განცხადება მცდარია.

კვერნაკის ქედზე დაგეგმილი კასპის ქარის ელ.სადგურისა და ნიგოზას ქარის სადგურზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და სკოპინგის დასკვნები გაასაჩივრა საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – „საბუკომ” და არა – „მწვანე ალტერნატივამ”.

გარდა იმისა, რომ ორივე სადგურის მშენებლობა დაგეგმილია კვერნაკის ქედის „ზურმუხტის ქსელის“ საიტზე და ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაზე, ორივე მათგანის დოკუმენტაცია ხარვეზებით იყო მომზადებელი, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის უხეში დარღვევითა და ვერ პასუხობდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის მოთხოვნებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტის დაგეგმვა დგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით მოხდეს.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს არაერთ რეგიონში – აჭარაში, გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ პროტესტს განაპირობებს ის, რომ არ არის უზრუნველყოფილი დაინტერესებული საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა.

ასევე, მთელი რიგი პროექტების შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გადაწყვეტილებები გაიცემა უხარისხო დოკუმენტაციებზე, რომლებიც არსებითად ვერ აფასებს როგორც ბუნებრივ, ასევე სოციალურ გარემოზე მოსალოდნელ ზემოქმედებას.

მიგვაჩნია, რომ დაინტერესებული საზოგადოების მოთხოვნები სამართლიანია, თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებასთან და გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან.

მხარდაჭერას ვუცხადებთ საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვისთვის მებრძოლ ადამიანებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.