„მხარდამჭერების სიას გამოაკლდა ყველა სამთავრობო სტრუქტურა“ - BIAFF კამპანიას იწყებს

პუბლიკა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) მენეჯმენტი იწყებს ფესტივალის მხარდამჭერ კამპანიას – #ერთადჩავატაროთბიაფი #letsmakeBIAFFtogether. ორგანიზატორთა განცხადებით, წელს ისტორიაში პირველად ფესტივალს ფინანსურ გასაჭირშია, მხარდამჭერების სიას გამოაკლდა ყველა სამთავრობო სტრუქტურა.

„წელს, ბათუმის კინოფესტივალი თავისი ისტორიის მანძილზე პირველად იმყოფება მსგავს ფინანსურ გასაჭირში. ფესტივალის მხარდამჭერების სიას გამოაკლდა ყველა სამთავრობო სტრუქტურა – საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ასევე, ჩვენდა გასაკვირად ფესტივალმა უარი მიიღო აჭარის კულტურის სამინისტროდანაც (რეგიონის ყველაზე წარმატებული  ფესტივალი #BIAFF ვერ მოხვდა დაფინანსებულ 10 ფესტივალის სიაში, ოფიციალური მიზეზი – თანადაფინანსების ნაკლებობაა, რაც არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს).  ასევე უარი მივიღეთ დაფინანსებაზე, ბათუმის მერიიდანაც, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენდა ძირითად მხარდამჭერს აჭარის კულტურის სამინისტორთან ერთად“, – ვკითხულობთ ფესტივალის ვებგვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის კულტურის სამინისტროსთან უშუალო კომუნიკაციისას გამოითქვა დაპირება, რომ მოხდებოდა  არსებული ფინანსების გადახედვა და  მცირე ფინანსური მხარდაჭერის მოძიება, თუმცა დღემდე ეს ვერ მოხერხდა.

„ბათუმის მერიის მიერ ფესტივალების კონკურსში BIAFF-მა 3 აგვისტოს შეიტანა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის თანადაფინანსების წერილები  – მერიისგან მოთხოვნილი თანხაზე (88,000 ლარი)  უფრო მეტი თანადაფინანსება იქნა მოპოვებული საელჩოებისგან და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან (საშუალოდ 115,000 ლარი), რაც მნიშნველოვანია პლიუსია. თუმცა ამის მიუხედავად, ბათუმის მერიიდან გვაცნობეს, რომ ფესტივალების საკონკურსო  ბიუჯეტი ამოიწურა (გამოცხადებიდან 10-12 დღეში, რადგან დაფინანსდა სხვა ფესტივალები და ბათუმის კინოფესტივალი ვერ დაფინანსდებოდა. ასევე ნახსენები იყო, რომ შესაძლოა განიხილონ თანხების დამატება ფესტივალების კონკურსისთვის“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალის მენეჯმენტი იმედს იტოვებს, რომ ბათუმის მერია, რომელიც ფესტივალის დაარსების დღიდან უცვლელი პარტნიორია,  წელსაც მხარს დაუჭერს  BIAFF-ის კინოფესტივალს, „რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ წარმოადგენს ბათუმის სავიზიტო ბარათს და კინომოყვარულებისთვის უმნიშვნელოვანეს  საერთაშორისო ღონისძიებას“. ბათუმის კინოფესტივალს უამრავი ცნობილი უცხოელი თუ ქართველი კინემატოგრაფისტი სტუმრობდა  და გარდა კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობისა, მნიშნველოვან როლს ასრულებს ბათუმის პოპულარიზაციის საქმეშიც.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიის დაფინანსება გარკვეულწილად დააბალანსებდა არსებულ სიტუაციას, თუმცა სასურველი მასშტაბებით ჩატარება რთული იქნება და შესაბამისად ორგანიზატორები იწყებენ  კინოფესტივალის მხარდამჭერ კამპანიას თანხების შესაგროვებლად.

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ #BIAFF-ს – მხარდაჭერისთვის თანხის ჩარიცხვის და ასევე ფესტივალის პროდუქციის/აბონემენტის შეძენის შესახებ ინფორმაცია.


კინოფესტივალი მხარდაჭერის მისაღებად ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს:

შემოწირულების მიმღებია „ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი“.

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომრით – GE64BG0000000538117440

დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ – „შემოწირულობა“.

Paypal გადარიცხვისთვის – biaffbatumi@gmail.com

Crypto/კრიპტო ანგარიში – კრიპტოს გადმორიცხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

USDT – TS4peK914jrCeV41tgbq1wDzLx81TYFRSP

MATIC – 0x44fa17ee7a5ffb15fd9e5450437aeaa7e7a8997d