მხარი დაუჭირეთ ქართველ ხალხს, მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც - გონჩარენკო

პუბლიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) დღეს უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სიტყვით გამოვიდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დეპუტატებს მიმართა, მხარი დაუჭირონ ასოცირებულ ტრიოს ევროპული საბჭოს შეკრებაზე. გონჩარენკო მოუწოდებს ევროკავშირს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მისცენ.

„გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მოლდოვას კანდიდატობაზე. დიახ, საქართველოში არის პრობლემები ახლა, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევლად იქცეს. ასე რომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათაც და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპაში, მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც“, – განაცხადა გონჩარენკომ სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინელმა დეპუტატმა 28-30 ივნისს მადრიდში დაგეგმილ NATO-ს სამიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა ერთიანობის დროა. ამიტომ, მან მოუწოდა თურქეთს, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის წევრობას. ასევე მოუწოდა ალიანსს, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოსაც.

„მე მივმართავ NATO-ს წევრ ყველა ქვეყანას – გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და მოგვეცით წევრობის სამოქმედო გეგმა [MAP].

ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერი, რომ ვებრძოლოთ ყველა იმ საფრთხეს, რაც დღეს ჩვენ წინაშეა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ გამოწვევისთვის, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, ყველა ამ საფრთხის წინააღმდეგ ერთადერთი პასუხია – ჩვენი სიმამაცე“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ PACE-ის სხდომაზე.