„მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას“ – ელისაშვილი

პუბლიკა

„მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო „ოცნებაში“, ის დააბრუნეს პრემიერად“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების ლიდერმა“, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დაასახელებასთან დაკავშირებით.

„ხომ ნახეთ, როგორი პრემიერი იყო? მას ნულოვანი შედეგი ჰქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრს. თვითონაც წვალობდა და ამ ქვეყანასაც აწვალებდა თავისი პრემიერობის დროს და იგივე უნდა გაგრძელდეს. ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა დეესკალაციისკენ, სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა, შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და მაქსიმალურად გაითვალისწინებდა. ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის „ნაციონალების“ ცოცხლად შეჭმა უნდა. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ დასკვნა ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოიტანა და განაგრძობენ, ჯიუტად, იმ უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი. ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს. ყველამ უნდა ამოვისუნთქოთ, დამშვიდდეთ და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. არ ვიცი, შეთანხმების საგანი რა იქნება, მაგრამ ამის ნაცვლად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე კონფრონტაციული და მოძულე ოპოზიციის. ვხედავთ იმას, რომ კუნთების თამაში, ესკალაცია გაგრძელდება. გაგრძელდება ის, რომ ორივე მხარე ცდილობს, ცეცხლზე ნავთი დაასხას და ამ დროს ღატაკი და გასაცოდავებული ქვეყანა იქნება გვერდზე მიგდებული“, – აცხადებს ელისაშვილი.