„ქართული ოცნების” დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი „მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ ახალ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
„დიახ, ვადასტურებ, მხარს არ ვუჭერ, თუმცა შეთანხმება რომ მოხდა, ადამიანურად მიხარია, რადგან დაძაბულობა შემცირდა და ტემპერატურამ დაიწია. მე ვარ ოთხგზის მაჟორიტარი და უფლება არ მაქვს მაჟორიტარული სისტემის დაკნინებას ან გაუქმებას მივცე ხმა. მით უმეტეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შერეული სისტემა არის საუკეთესო”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
„ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მხოლოდ მაჟორიტარად იყრის კენჭს.
„გამსვლელ სიაში უარს ვიტყვი. თუ გადავწყვიტე საბოლოოდ. ვიყრი კენჭს მხოლოდ და მხოლოდ როგორც მაჟორიტარი კანდიდატი”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.