მხარს დავუჭერთ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ - გერმანიის ახალი მთავრობა

პუბლიკა

გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირება დასრულდა. „სოციალ-დემოკრატებმა“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „მწვანეებმა“ კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმებას საფუძვლად დაედო ვრცელი პოლიტიკური დოკუმენტი, სადაც კოალიციის შიგნით შეთანხმებულ საკითხებზე, მომავალი მთავრობის ხედვასა და პროგრამაზეა საუბარი.

დოკუმენტში მოხსენიებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხიც.

„ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებიც ესწრაფვიან ევროკავშირის წევრობას, კანონის უზენაესობასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული რეფორმების გზით, უნდა ჰქონდეთ დაახლოების შესაძლებლობა.

ჩვენ მტკიცედ ვიმოქმედებთ დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯებისას და ვიქნებით პარტნიორები დემოკრატიული მოძრაობებისთვის“, – ნათქვამია კოალიციის დოკუმენტში.

კოალიციის დოკუმენტში აღნიშნულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტი და ნათქვამია, რომ გერმანიის ახალი ხელისუფლება დაუყონებლივ მოითხოვს რუსეთისგან დესტაბილიზაციის შეწყვეტას და უკრაინის სუვერენტიტეტის პატივისცემას. უკრაინას კი მხარს დაუჭერენ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და გააღრმავებენ ურთიერთობას ენერგეტიკის სფეროში.

ასევე კოალიციის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ხელისუფლება უფრო აქტიური იქნება ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსთან ურთიერთობაში. ასევე კავშირის კიდევ უფრო გამყარებას შეეცდება აშშ-სა და კანადასთან.

გერმანიის ახალი კანცლერი „სოციალ-დემოკრატი“ ოლაფ შოლცი იქნება. მთავრობაში კი სამინისტროებს კოალიციის სამი პარტია გადაინაწილებს. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი „მწვანეების“ კანცლერობის კანდიდატი ანნალენა ბერბოკი იქნება.