მხარს ვუჭერ ფრენის აღდგენას, შეიძლება ღირდეს სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაც - დუმის დეპუტატი

პუბლიკა

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილe, დიმიტრი ნოვიკოვი ამბობს, რომ მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას. ნოვიკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის არც სავიზო რეჟიმის შემსუბუქება გამორიცხა.

„მიუხედავად იმ რთული პერიოდისა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გამოიარა საქართველოს ხელისუფლებასთან, ამ ქვეყანაში უამრავი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც კეთილგანწყობილნი არიან რუსეთის მიმართ და მხარს უჭერენ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი საავიაციო კომუნიკაციების აღდგენას.

რაც შეეხება ვიზებს, აქაც ანალოგიურად განვიხილავდი სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ აქ ამ შემთხვევაში უფრო ფრთხილად არის საჭირო ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის შესწავლა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ღირდეს სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვნად შემსუბუქება“, – თქვა ნოვიკოვმა რუსულ მედიასთან.

ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დარგში რუსეთის ადვოკატთა ასოციაციამ რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქონ. ასოციაციის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა რუსეთთან მეგობრობის მომხრეა და აქ „ნაციონალისტების ჯგუფი მხოლოდ მცირედითაა წარმოდგენილი“.

„რუსეთში შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ისევე როგორც პირდაპირი ფრენის აღდგენა, შეიძლება იყოს ღირსეული პასუხი რუსეთსა და საქართველოს შორის სტაბილური და მშვიდობიანი ურთიერთობების არამოსურნეთათვის“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.


რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარის შემდეგ განახლდა. ლავროვმა მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეაქო, რომელმაც მისი მტკიცებით, გაუძლო დასავლეთის ზეწოლას, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენა მალე აღდგებოდა.

ლავროვის საპასუხოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს და ეს მისასალმებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ფრენის შესაძლო აღდგენა გააკრიტიკა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმომსვლის აღდგენის შესახებ საუბრობდა Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორი და ამჟამად მოსკოვის და საქართველოს ბიზნესბროკერიჯის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია. გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ გასული წლის 7 დეკემბერს რუსეთში შედგა შეხვედრა, სადაც რუსებს სთხოვეს, რომ „უბრალო ხალხს, ქართველებს ფრენების აღდგენა გვჭირდება“.