2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი განცხადებას ავრცელებს.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გმობს რუსეთის პოლიტიკას და ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ემხრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.
„7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ურყევია ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი.
ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას და ვგმობთ რუსეთის განგრძობით სამხედრო წარმომადგენლობას ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის ნაკისრ ვალდებულებებს.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, ბორდერიზაციით, გადასასვლელების დაკეტვით და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავებებით.
უნდა მოიხსნას მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვები, გამოძიებული იქნას ადამიანის უფლებების დარღვევები და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა დაზარალებულისთვის.
ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნით.
მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში, რათა სრულად შესრულდეს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ოფისი ავრცელებს.