აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ და სოლიდარობას გამოხატავენ თავიანთი უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის მიმართ.
„ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ვაპროტესტებთ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში განვითრარებული მოვლენების მიმართ.
მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მთი ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავალის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ლექტორ-მასწავლებლების პოზიცია.
ქართული განათლება ოდითგან ეყრდნობოდა ევროპულ ფასეულობებს, საქართველოს, მისი ხვალინდელი დღის ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია. არა რუსულ კანონს“,- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ უერთდებიან საერთო სტუდენტურ გაფიცვას.
დღეს, 14 მაისს გავრცელებული განცხადებით, 38 უნივერსიტეტის რექორმა ხელი მოაწერა საერთო განცხადებას, რომელიც სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტის წინააღმდეგაა მიმართული.
დოკუმენტზე ხელმომწერთა შორისაა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.