თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, უკრაინასთან მიმართებით თურქეთს მკაფიო პოზიცია აქვს – ანკარა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პოზიციას არ შეცვლის.
„თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო პოზიცია რუსეთის მოქმედებების მიმართ, განსაკუთრებით ყირიმში, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის არ იქნება განივრული, თუკი ის მაინც გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას.
„მე ვიმედოვნებ, რომ რუსეთი არ წამოიწყებს შეიარაღებულ თავდასხმას და არ მოახდენს უკრაინის ოკუპაციას. ასეთი ნაბიჯი არ იქნება გონივრული რუსეთისა და მთლიანად რეგონისთვის, თუმცა არსებობს ისეთი დიალოგის საჭიროება, რომელშიც მოვუსმენთ რუსეთს და აღმოფხვრის მათ შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – თქვა ერდოღანმა.
მან რუსეთსა და უკრაინას კიდევ ერთხელ შესთავაზა ანკარაში დიალოგისთვის მასპინძლობა. ერდოღანის თქმით, ის გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს, კრიზისის დაწყებამდე. თურქეთის პრეზიდენტი თებერვალში ზელენსკისთან და პუტინთან შეხვედრას ან სატელეფონო საუბარსაც გეგმავს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციის მიზნით.
თუმცა, ერდოღანი დასძენს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იმოქმედებს ისე, როგორც NATO-ს წევრი და მოკავშირეთა პოზიციიდან არ გადაუხვევს.