„მხარში ამოუდექით ნაცემ ადამიანებს, რომლებიც სხედან ციხეებში“ - ხელოვანებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს

პუბლიკა

ხელოვანებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებენ, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც საპროტესტო აქციებზე სცემეს და დააკავეს.

„მთავარ არხთან“ მუსიკოსი ნინო ჟვანია ამბობს, რომ სამინისტრო, რომელიც განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, „ვალდებულია, გამოთქვას, ყოველ შემთხვევაში, მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მსახიობები, მუსიკოსები ციხეში სხედან და ელოდებიან განაჩენს, სრულიად აბსურდული დანაშაულის“.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია „ფორმულასთან“ ამბობს, რომ კულტურის მინისტრი არალეგიტიმურია და არსებულ ვითარებაში „კონკრეტულ ჩინოვნიკებთან“ კომუნიკაციას არ აპირებენ. მისივე თქმით, კულტურის სამინისტრო არ არის მინისტრი და კულტურის სამინისტრო არის უწყება, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„აქ არის საზოგადოება. მუშაობენ ჯერ კიდევ აქ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ტიპის გამოცდილება, ასაკი, რასაც ჩვენ ცხადია პატივს ვცემთ, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ამ უწყებაში არის კრიტიკული აზრის დევნა, არსებობს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ მითითებებს აძლევენ, რომ არ დაწერონ სოლიდარობისა და გაფიცვის შესახებ წერილი. ერთი სიტყვით, კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, ვინც ვდგავართ ამ პოლიტიკური კრიზისის დროს სახელმწიფოებრივი პოზიციის სადარაჯოზე, მოვედით აქ, ერთი მხრივ, გასამხნევებლად, რომ ისინი არ არიან მარტონი და მიუხედავად იმისა, რომ დააგვიანეს, მაინც ჯერ კიდევ შეუძლიათ გამოთქვან სოლიდარობა დასახიჩრებული ადამიანების მიმართ, სოლიდარობა იმ საზოგადოების მიმართ, რომელსაც უკრძალავენ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამავდროულად უნდა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში, თუ კი არ იციან და გაიფიცონ ისე, როგორც იფიცებიან ხელოვნებისა და კულტურის სექტორის არაერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი“, – თქვა სოფო კილასონიამ.