მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია - გალერეა

პუბლიკა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განცხადებით, „მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია“.

საუბარია მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებულ წარწერაზე – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ .

მან კედლიდან ავტოპორტრეტი ჩამოხსნა და სანაცვლოდ ეს წარწერა გააკეთა.

მუზეუმის განცხადებით, კედლის პირვანდელი სახე აღდგენილია და გამოფენა „ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“.

„4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ „ათინათის“ გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი. ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე აცხადებს, რომ თბილისის ეროვნული გალერეის კედელზე არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოიკითხა.

ქეთი შავგულიძე გამოფენის კურატორი იყო.

მან „TV პირველს“ განუცხადა, რომ გამომძიებლები გამოფენის მზადების პროცესითა და არტისტსა და მას შორის ურთიერთობით დაინტერესდნენ.

„პუბლიკა“ შსს-სგან ელოდება პასუხს, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.