ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს „ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, ასევე, მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც, დაიწყოს შესაბამისი პროცედურა.
მიზეზი მზიას მხედველობის მდგომარეობაა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 14 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, საქმისთვის მტკიცებულებებად დაერთოთ აღნიშნული წერილები. სასამართლომ დაცვის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„მზია ამაღლობელის თვალთან დაკავშირებული პროცესები შეუქცევადად უარესდება. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პენიტენციური სისტემისადმი, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება, მისი თვალის იმ ზომაზე მაინც შენარჩუნება, რომ ადამიანი სრულად არ დაბრმავდეს. მისი თვალის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ერთადერთი შანსია, შენარჩუნდეს.
ჩვენ მივმართეთ მინისტრს წერილით, უზრუნველყოს შშმ პირის სტატუსით და მივმართეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ეს პროცედურა მაინც დაიწყოს.
თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის მინიჭების პროცედურები უნდა დაიწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ. მიმართული გვაქვს წერილით და იმედია, რომ დაიწყებენ პროცედურას. მზიას სჭირდება სტატუსის შესაბამისი მოვლა, შესაბამისი სამედიცინო უზრუნველყოფა და ა.შ.
დაველოდოთ, როდის დაკარგავს მხედველობას მეორე თვალშიც?
მხედველობა მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუუარესდა.
დაპატიმრებამდე მას შანსი ჰქონდა, 90%-მდე დაენახა და ახლა ეს 10%-მდეა შემცირებული, წარმოგიდგენიათ? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი”. – თქვა მაია მწარიაშვილმა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ.
დღევანდელ პროცესზე პროკურორმა წაიკითხა დასკვნითი სიტყვა. ბრალდება მოითხოვს, შეიცვალოს I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელი დამნაშავედ იქნას ცნობილი პოლიციელზე თავდასხმაში და დაისაჯოს არა 2 წლით, არამედ პოლიციელზე თავდასხმის შესაბამისი სასჯელით – 4-7 წლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა 6 აგვისტოს მიუსაჯა.
მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.
სასჯელის შეცვლას მოითხოვს დაცვის მხარეც, ოღონდ მათ სურთ, მზია უდანაშაულოდ იქნას ცნობილი და გათავისუფლდეს.
დღევანდელ პროცესზევე პროკურორმა შოთა ჩხაიძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, მათი თქმით, 10 თვის შემდეგ უკვე დასრულდა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ იგი უკვე გაეცნო ამ დასკვნას, სადაც წერია, რომ ამ ტელეფონში გამოძიებისთვის საინტერესო არავითარი მასალა არ აღმოჩნდა.
„დიფ სტეიტის“ კვალს ვერ მიაგნეს”. – თქვა მაია მწარიაშვილმა.
პირველ ინსტანციაში საქმის მიმდინარეობისას პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქმეს დაერთო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას „ამ ეტაპზე დაუდგებელ პირებთან“ ტელეფონით აწარმოებდა.
მოგვიანებით, პროკურატურამ დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია მოწმეთა სიიდან ჩახსნა და სასამართლოში არც ტელეფონის ექსპერტიზა წარმოუდგენია.
მზია ამაღლობელის საქმის შემდეგი პროცესი სააპელაციო სასამართლოში 18 ნოემბერს, 13:00 საათზე არის დანიშნული.