მკვეთრად პრორუსული გზავნილები – DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფების მონიტორინგის შედეგებზე

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) სოციალურ და ონლაინმედიაში ულტრამემარჯვენე დისკურსზე დაკვირვების 11 თვის შედეგებს აჯამებს.

მონიტორინგის პროცესში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ სოციალური მედიის მკვლევარმა 12 ულტრამემარჯვენე ლიდერისა და 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული 20 235 სტატუსი შეისწავლა და 9 ონლაინგამოცემის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული 2 317 სტატია გააანალიზა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე ლიდერებისა და ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული ულტრამემარჯვენე ნარატივები, შინაარსობრივი მახასიათებლების მიხედვით, 5 ძირითად ჯგუფად დაიყო: ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ნაციონალისტური დისკურსი.

DRI- ის ინფორმაციით, შესწავლილი პოსტების ჯამურმა ინტერაქციამ გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგულობით გამოირჩეოდა ნაციონალისტური და ანტილიბერალური შინაარსის პოსტები. ნაციონალისტური დისკურსი განსაკუთრებით დამახიასიათებელი იყო ფეისბუქგვერდებისთვის – „თურქეთი ოკუპანტია“, „დადუმებული ქართველობა“ და „კარდჰუ“, ხოლო ანტილიბერალური განწყობებით „ანტილიბერალური ლიგა, „ალტ-კლუბი“ და „Geo Pepe“ გამოირჩეოდა.

მედიამონიტორინგის ფარგლებში კი გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე რიტორიკა ონლაინპლატფორმაზე  ორ ჯგუფად იყოფა: ღიად პრორუსული („საქინფორმი“, „საქართველო და მსოფლიო“, „სპუტნიკ საქართველო“, „News front Georgia“) და მკვეთრად ანტიდასავლური („პოლიტიკანო“, „ალტ-ინფო“, „ზნეობა“).

„ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ლიდერები  ონლაინპლატფორმას იყენებენ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებში ანტილიბერალური განწყობების გასაღვივებლად, ხოლო, მეორე მხრივ, „გარყვნილი დასავლეთის“ საპირწონედ რუსეთის წარმოსაჩენად. ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის სოციალური ქსელი მიმდევრების მოსაზიდად და ძირითადი გზავნილების გასავრცელებლად ერთ-ერთი მთავარი იარაღია“, “ ამბობენ ორგანიზაციაში.

მედიამონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე რიტორიკისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი ნიშანი: 1) საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობის გაღვივება და, შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია; 2) კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა და პრორუსული გზავნილების გავრცელება; 3) ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელებით საზოგადოებაში ირაციონალური შიშისა და სიძულვილის დანერგვა.

დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

– საქართველოში მოქმედ, სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფს შორის არსებობს ქსელური კავშირები და ეს გვერდები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული სამოქმედო გეგმისა თუ სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში;

– ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში შესამჩნევია ამერიკის დემონიზაციის მცდელობა და ანტილიბერალური გზავნილები;

– სოციალურ და ონლაინმედიაში მიმდინარე ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება, ერთი მხრივ, ეთნონაციონალისტური თვისებებით, ხოლო, მეორე მხრივ, მკვეთრად პრორუსული გზავნილებით;

– ხდება ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დემონიზაცია; ჯორჯ სოროსი წარმოდგენილია, როგორც გარყვნილების მთავარი დამკანონებელი;

– ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველაზე ხშირი ობიექტები არიან: ფემინისტები, მიგრანტები, ლგბტ თემი, მუსლიმები და ლიბერალები;

– ონლაინმედიაში რესპონდენტებად ყველაზე ხშირად იმ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს იწვევენ, რომლებიც საქართველოში ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს ქმნიან;


DRI- ის ინფორმაციით, მონიტორინგი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტის –„ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.