მკვლევარ სოფო გელავას სახლში ჩხრეკაა

პუბლიკა

მკვლევარ სოფო გელავას სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების“ პოლიტიკური საბჭოს წევრ გიორგი ნონიაშვილის თქმით, მიაქვთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა.

ნონიაშვილის თქმით, ოფიციალური საფუძველი გელავას სამუშაო ადგილია – „ატლანტიკური საბჭო“ და გამოძიება, რომელიც მასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა ელექტრონული მოწყობილობა. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა”. – დაწერა გიორგი ნონიაშვილმა „ფეისბუქზე”.

„პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, უშუალოდ ჩხრეკის ჩამტარებელმა პირებმა პროცედურა დაიცვეს, თუმცა, თავად ჩხრეკაზე სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, განჩინებაში იწერება, რას ეძებს გამოძიება. არ ეწერათ, რას ეძებდნენ. არ ეწერათ, რას ეძებდნენ. ეს იყო გამზადებული შაბლონი, რომელიც გამზადებულია იმისთვის, როცა პოლიცია მზად არის, ადამიანებს რაღაცა ჩაუდოს. ჩვენ შემთხვევაში ეს არ მომხდარა და არც ამგვარი საფრთხე გვიგრძვნია, მაგრამ თავად სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჩხრეკა ჩატარებულიიყო, არის აბსურდული”. – თქვა შოთა თუთბერიძემ.

გარდა ამისა, „ფორმულას” ცნობით, ჩხრეკა მიმდინარეობს Atlantic Council-ის კიდევ ერთ თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლში.

ბუზიაშვილის თქმით, მას თავდაპირველად უთხრეს, რომ გაზის კომპანიიდან იყვნენ, ვინაიდან „გაჟონვის პრობლემა იყო”. 

ელექტრონული ტექნიკა მისი სახლიდანაც წაიღეს.

მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.

სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი რუსული დეზინფორმაციის მკვლევრები არიან და ებრძვიან მათ. ამ ფარგლებში თანამშრომლობენ „ფეისბუქთანაც”. მათი მუშაობის შედეგად არაერთხელ გამოვლინდა და წაიშალა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ტროლ-ბოტების „არაავტორიზებული, არაავთენტური ქსელი” „ფეისბუქზე”. 

ასევე, “ტვ პირველის” ინფორმაციით, ჩხრეკაა ვაკეშიც – საბროკერო კომპანია Concentrix-ის ოფისში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

„ფესბუქზე” მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს და მისი და მისი ძმის საცხოვრებელი – სანდრო ცხადაძე Concentrix-ს ში მუშაობს. უცნობია, რა კავშირია მკვლევრების ჩხრეკასა და Concentrix-ს შორის.