საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმაურება. „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხად საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე სენატორი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.
„ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს“, – ამბობს სენატორი, „ამერიკის ხმასთან“ წერილობით კომენტარში.
სენატორმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გააკეთა.
ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამეტნში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებზე რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ ამ პარტიის ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილი დარჩება. კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პარტიების რეგისტრაციის არ დაშვებას, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩართულნი.
„ეს არ არის პარტიის აკრძალვა. პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც შემდეგი არჩევნებიდან ამოქმედდება. პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ბოიკოტს აგრძელებენ.