მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები „ხალხის ძალის“ გაფართოებას აანონსებენ

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებას  აანონსებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში ისაუბრეს.

მათი თქმით, მოძრაობის გაფართოებისა და ახალი წევრების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ოქტომბრის დასაწყისში გააცნობენ. დეპუტატები ამბობენ, რომ აქვთ კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან და ბიზნესმენებთან.

სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების „ყურადღებას არ უჩივიან“, ფიქრობენ საკუთარ სატელევიზიო პლატფორმაზეც.

„ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, გვქონდეს ჩვენი პლატფორმა, რომელიც უფრო აქტიურად იქნება ჩვენი მხარდამჭერი და სადაც უფრო მეტად იქნება გახსნილი ეთერი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სწორედ ამ ჩვენს ხედვას იზიარებენ”, – ამბობს სოზარ სუბარი.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერები, რომლებიც ამავდროულად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც არიან, ამბობენ, რომ გაფართოების იდეა ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, თუმცა მაშინ არ სურდათ, „მოუმზადებელი ყოფილიყო ეს პროცესი“.

„ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილზეა, მუდმივად იქნება იმის საჭიროება, რომ საზოგადოება იყოს საქმის კურსში და იცოდეს სიმართლე. ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთჯერადი არ იქნებოდა ეს ნაბიჯი, საზოგადოება უნდა იყოს სულ საქმის კურსში. ამიტომ გვინდა გაფართოება”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

გადაიქცევა თუ არა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ მოძრაობად – ამაზე დეპუტატები ამბობენ, რომ საზოგადოებას მალე მიაწოდებენ ინფორმაციას.

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად ავრცელებენ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს. მათ წერილებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება, საუბარია კონსპირაციებზე ამერიკის ფინანსური დახმარების შესახებ. ასევე, აქტიურად ავრცელებენ ნარატივს, რომ დასავლეთს „საქართველოს ომში ჩართვა სურს“. ოთხეულის განცხადებებს არ ემიჯნება მმართველი პარტია. „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატების კითხვები ლეგიტიმურია, მმართველი პარტია მხოლოდ ამ კითხვების დასმის ფორმას არ იზიარებს.


სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ მათი მიზანია, საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრან და „ოცნებიდან“ წამოსვლის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. მოგვიანებით დეპუტატებს – დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს, გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.