„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც“, – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკი სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ – ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში – გარდაუვალად“, – წერს კვირიკაშვილი.